თბილისის მერია

თბილისის მერია შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება

თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თბილისის მერია უსაფუძვლოდ მიიჩნევს. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის პრევენცია და ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა და ამ პასუხისმგებლობის ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებზე დაკისრება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და  საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კი, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთ-ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, მხოლოდ კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დაცვის პოლიცია მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ მერიის კუთვნილი ქონების და არა საზოგადოებრივი წესრიგის  დაცვას ახორციელებდა. ისევე, როგორც ამჟამად  ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ფუნქციას, მხოლოდ ბაღებსა და სკვერებში განთავსებული ქონების დაცვა წარმოადგენს.

ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ პერიოდში ბაღებსა და სკვერებში, რომლებშიც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მორიგეობენ, დანაშაულის ჩადენის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება ამ მიმართულებით არის ტყუილი. აღნიშნული, კი, კიდევ ერთხელ, ნათლად მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე, რომ მის საკუთარ ფუნქციებში ვერ გაერკვა, კვლავ აგრძელებს უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებას".

შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქში  მომხდარ დანაშაულებებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მერიის მიერ შექმნილი დაცვის სამსახურსაც ეკისრება. 

კომენტარები