შსს მინისტრი

ღარიბაშვილი: კრიმინოგენური მდგომარეობა არ უარესდება

არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა უარესდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"წვრილმანი ქურდობები შეიძლება გაიზარდა და ამას აქვს ობიექტური მიზეზები. როდესაც  ოქტომბერში გადაბარების პროცესი დაიწყო, 3 კვირის მანძილზე ვერ შევძელით სამინისტროში შემოსვლა, შეიქმნა ვაკუუმი, პოლიცია იყო დემორალიზებული, ინსტრუქციებს არ ღებულობდნენ მოქმედი ხელმძღვანელობისგან, ამან გარკვეული ვაკუუმი შექმნა, ე.წ. კრიმინალებმა დაინახეს, რომ გარკვეული თავისუფლება შეექმნათ და დანაშაულზე არ ხდებოდა რეაგირება პატრულისგან, მათ ისარგებლეს და წვრილმანი ყაჩაღობები ჩაიდანეს. 10 დღეა დავასრულეთ საკადრო ცვლილებები და პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი დანაშაულია გახსნილი, არა მხოლოდ მიმდინარე, ასევე ძველი დანაშაულებები. არავითარი ნიშნები არ არსებობს, რომ ვინმემ განაცხადოს, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია უარესდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა თანამშრომლების გათავისუფლებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არანაირი ზეწოლა თანამშრომლებზე არ არსებობს და მათმა ნაწილმა თავისით დატოვა სამსახური. მინისტრის თქმით, განხორციელებული ცვლილებები ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომელთა კონკურსით აყვანის წესი ისევ აღდგება.

კომენტარები