დასუფთავების სამსახური

გიგი უგულავა: ნებისმიერი შეფერხება იქნება აღქმული, როგორც თბილისელების წინააღმდეგ საბოტაჟი

ქალაქ თბილისის დასუფთავების სამსახურში, დღეს,  27 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.  მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შემოწმება არაგეგმურია და დასუფთავების სამსახურის სამივე ოფისში მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დოკუმენტაციას ეცნობიან. 
მერიის პრესსამსახურმა ვერ დააკონკრეტა, თუ რა მიზეზით შევიდა საგამოძიებო სამსახური ქალაქის დასუფთავების სამსახურის შესამოწმებლად ან რა პერიოდს შეეხება შემოწმება; ასევე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შემოწმება. 
ტელეკომპანია რუსთავი2-თან საუბარში, თბილისის მერი გიგი უგულავა ქალაქის დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიციის შესვლას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. 
„ეს არის კომპანია, რომელიც ახორციელებს თბილისის დასუფთავებას, ანუ პასუხისმგებელია ქალაქის სისუფთავეზე და ნებისმიერი შეფერხება იქნება აღქმული, როგორც თბილისელების წინააღმდეგ გადადგმული საბოტაჟი. ნება იბოძონ, ამოწმონ რაც უნდათ, მათ ამის სრული შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ თუ მოხდა ქალაქის პარალიზება, ეს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის კისერზე იქნება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები