შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია

BSEC-ის ფარგლებში შსს-ის ხელმძღვანელების მინისტერიალი გაიმართა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში, სტამბულში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით მინისტერიალი გაიმართა.

საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლევან ჩიკვაიძე. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, საბერძნეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე რუმინეთის, სომხეთისა და მოლდოვის რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა. სხდომას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო ხორვატიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.

შსს-ს ცნობით, ქართული დელეგაციის მხრიდან საუბარი შეეხო ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას, რაც აისახა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიზნების, ღირებულებებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე. მინისტერიალზე ქართულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა შსს-ს ერთ-ერთი ცენტრალური მიზანი - საპოლიციო სისტემის სრული დეპოლიტიზირება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო, განსაკუთრებით კი რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფორმატში და მიესალმა ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის.

კომენტარები