შსს

შსს გეგი ქელბაქიანის საქმეზე მტკიცებულებებს აქვეყნებს

შსს კომპანია NCC-ის დირექტორის გეგი ქელბაქიანის და ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის, არჩილ ჩოგოვაძის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილს აქვეყნებს.

როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომპანია 2009-2012 წლებში სამშენებლო სამუშაოებს "თბილისის მთავრობის დაკვეთით ექსკლუზიურად ასრულებდა".

"გიორგი ქელბაქიანის პირადი კომპიუტერის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ NCC-ს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე გიორგი ქელბაქიანს ელექტრონული საშუალებით უგზავნიდა ცხრილებს, სადაც ჩანს, რა თანხებს უგზავნიდნენ 2009-2013 წლებში სამშენებლო სამუშაოებისათვის ფიზიკურ პირ გოჩა დარსაძეს. ლეპტოპის ინფორმაციასა და საბანკო ანგარიშებს შორის აღმოჩნდა რადიკალური განსხვავებები. შპს NCC-ს მიერ გოჩა დარსაძისთვის და მისივე კონტროლქვეშ მყოფ შპს გვირაბგამყვანისათვის ჩარიცხულია 6 მილიონ 589 ათასი ლარი, საიდანაც ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ე.წ. ატკატის სახით, 2 მილიონ 535 ათასი ლარი უკან დაიბრუნეს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. 

გიორგობიანის განცხადებით, გოჩა დარსაძემ გამოძიებას თავდაპირველად ცრუ ჩვენება მისცა და სამართალდარღვევის ფაქტი უარყო, შემდეგ კი გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სამი სააგარაკე სახლის მშენებლობის შესახებ.

"აგარაკების მშენებლობა მიმდინარეობდა NCC-ს კუთვნილი თანხებით, რომელიც 100 პროცენტით საბიუჯეტოა, რადგან კომპანია სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობდა. კომპანია NCC-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი - გიორგი ქელბაქიანი და გიორგი გოგიბერიძე, ხოლო კომპანიის სახსრებით შენდებოდა სამი აგარაკი, აქედან გამომდინარე, გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავდა კომპანიას ფარული ბენეფიციარი სახელმწიფო მოხელის სახით, რომელსაც ეკუთვნოდა მესამე სახლი", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა. 

მისივე თქმით, კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს აბარებდა ნულოვანი მოგებით.

შეგახსენებთ, თბი­ლი­სის წყლის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­გი ქელ­ბა­ქი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა ქელ­ბა­ქი­ანს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია NCC-ში უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბა. ქელ­ბა­ქი­ან­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი არ­ჩილ ჩო­გო­ვა­ძეც.

კომენტარები