ვიზიტი

გორდონი: აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი, საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფილიპ გორდონმა განაცხადა, აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთობას.

,,სააკაშვილმა ცნო არჩევნების შედეგები, აღიარა დამარცხება და ხელი შეუწყო ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემას. ჩვენ ასევე პოზიტიური ნიშნები დავინახეთ პრემიერის განცხადებაში, რომელმაც თქვა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს და ტოვებს პრეზიდენტს მომავალი ერთი წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე ნათელია, რომ პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან და ეს პოზიტიურია. ვფიქრობ, ორივე მხარეს გულში ჰყავს საქართველო“, - განაცხადა ფილიპ გორდონმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიმდინარე დაკავებების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დააკავონ, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე, ,,თორემ ეს მთელ ქვეყანას ძვირად დაუჯდება“.

,,ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართალი როგორც შინაარსობრივად, ისე აღქმის თვალსაზრისით და უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი ყველა ეჭვმიტანილთან თუ ბრალდებულთან მიმართებით. არავის სურს იხილოს როგორ გამოიყურება შერჩევითი სამართალი და სამაგიეროს გადახდა. ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ჩვენ, ყურადღებით ვაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები.'' - განაცხადა ფილიპ გორდონმა.

მან ორივე მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ,,თუ საქართველოს სურს დასავლეთისკენ გზა გაიკაფოს. ამის გაკეთება აუცილებელია“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი, საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 

კომენტარები