NATO და საქართველო

რასმუსენი: მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მოძებნონ კონსენსუსი და იმუშაონ ერთად

ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,საქართველო რჩება ერთგულ და ახლო პარტნიორად NATO-სთვის. თქვენ უკანასკნელ პერიოდში გააორმაგეთ თქვენი წვლილი ავღანეთში და უკვე შეუერთდით NATO-ს მიერ დაგეგმილ მომდევნო, საკონსულტაციო მისიას ავღანეთში, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანული ჯარების გაწვრთნაზეა ორიენტირებული. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. პრემიერმინისტრო, მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ თქვენი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომNATO-საც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა", - განაცხადა რასმუსენმა.

NATO-ს გენერალური მდივანი პირველი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა.

რასმუსენმა ყველა პარტიას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

,,ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული ვრჩებით, მაგრამ წევრობა საჭიროებს მეტ შრომას, რეფორმებსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მთავრობის ყველა განშტოებას შორის. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მოძებნონ კონსენსუსი და იმუშაონ ერთად, რათა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დემოკრატია ამ გამოცდას ჩააბარებს", - განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები