საქართველო-რუსეთი

ზურაბ აბაშიძე: იქნებ, რუსეთს აქვს არგუმენტი, რომელიც NATO-ში სწრაფვის უსაფუძვლობაში დაგვარწმუნებს

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, დოიჩე ველესთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრა.

კორესპონდენტის კითხვას, როგორ აპირებს თბილისი, ერთმანეთს შეუთავსოს NATO-სკენ სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, აბაშიძე პასუხობს, რომ „რუსეთისთვის NATO ძალიან ძლიერი გამაღიზიანებელია, ჩვენთვის კი პროირიტეტია“.

ამავე დროს, მისი თქმით, აუცილებელია „გავიგოთ, შეძლებს თუ არა მოსკოვი გაიგონოს ჩვენი არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ გვსურს NATO -ში, შევძლებთ თუ არა პოზიციების დაახლოებას“.

„იქნებ, რუსეთს აქვს არგუმენტი, რომელიც ჩვენი სწრაფვის უსაფუძვლობაში დაგვარწმუნებს. აუცილებელია პირნათლად საუბარი და ჩვენ ამისთვის ვართ განწყობილნი“, - განაცხადა ინტერვიუში აბაშიძემ.

ამავე ინტერვიუში აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში თბილისისათვის პრინციპულად რჩება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საგარეო ურთიერთობებში თავისუფალი არჩევანის საკითხები. თუმცა, მისი აზრით, ამ „წითელი ხაზების“ მიღმა მრავალი საკითხი არსებობს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია.

 

კომენტარები