დააკვირდით იადონებს

სანამ ქვანახშირის მაღაროებში მომწამვლელი აირის, მეთანის შემცველობის საზომ ხელსაწყოებს გამოიგონებდნენ, მეშახტეებს იადონები შველოდნენ. გალიაში გამომწყვდეული ეს მგალობელი ჩიტები ადამიანებზე ადრე გრძნობდნენ ჰაერში მეთანის საშიშ შემცველობას და დუმდებოდნენ – დროებით ან სამუდამოდ. ამ დროს კი მეშახტეები, რომლებსაც მუდმივად ყური ეჭირათ მათ გალობაზე, ტოვებდნენ მაღაროს სახიფათო მონაკვეთს და სამშვიდობოს გადიოდნენ.

საზოგადოებასაც სჭირდება ერთგვარი იადონები – მაჩვენებლები, რომლებიც მიგვანიშნებენ თუ რა მდგომარეობაა სახელმწიფო პოლიტიკის ამა თუ იმ სფეროში.

ქვემოთ 15 საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებასა და პროექტს მოვუყარე თავი, რომლებიც პრინციპულად განსაზღვრავენ საქართველოს მდგომარეობას რეგიონში და მსოფლიოში. ისინი ორ ჯგუფად დავყავი: ის, რაც უნდა გაგრძელდეს და ის, რაც არ უნდა გაკეთდეს. პირველი ჯგუფის საკითხები ასობით დიპლომატის, პოლიტიკოსის, საჯარო მოხელისა და ექსპერტის მრავალწლიანი შრომის შედეგია. მათი წინწაწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას მოემსახურება. მეორე ჯგუფში ერთგვარი წითელი ხაზებია, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია.

ის, რაც უნდა გაგრძელდეს

ევროკავშირთან დაახლოება – უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები: 1) ასოცირების შეთანხმების შესახებ; 2) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ; 3) უვიზო მიმოსვლის შესახებ. სამივე ამოცანის შესრულება 2013 წელს იგეგმებოდა.

NATO-ში ინტეგრაცია – 1) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულება – 2008 წლიდან საქართველომ წარმატებით შეასრულა ოთხი გეგმა; 2) NATO-საქართველოს კომისიის სხდომების მაღალი დონისა და რეგულარულობის შენარჩუნება; 3) ატლანტიკური საბჭოს სხდომების თბილისში ჩატარების პრაქტიკის გაგრძელება; 4) საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტების რეგულარობის შენარჩუნება; 5) საქართველოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტების დონისა და რეგულარულობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, სამხედრო კომიტეტის ამ თვის ვიზიტი გადაიდო.

სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან – სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფისა და წლის შემაჯამებელი შეხვედრების რეგულარულობისა და მაღალი დონის შენარჩუნება. თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მაღალი დონის დიალოგის გაგრძელება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკებებში გადაზრდა.

ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა – 1) წინმსწრები მრავალვექტორული დიპლომატიის გაგრძელება, განსაკუთრებით აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბეთისა და ოკეანეთის რეგიონებში: ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, ვიზიტები, თანამშრომლობა ჰუმანიტარულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში; 2) გაეროს წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესის დასრულება – დარჩენილია 15 სახელმწიფო.

ჟენევის მოლაპარაკებები – უახლოესი ამოცანაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ოქტომბერში, საქართველოს ძალისხმევით, რუსეთმა პირველად განაცხადა თანხმობა, იმუშაოს დოკუმენტზე ძალის არგამოყენების შესახებ. ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთთან ურთიერთობების ერთადერთი ფორმატია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო და მიუკერძოებელ მედიაციას და ნათელ და სამართლიან თამაშის წესებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – შენარჩუნება და მხარდაჭერა. მისია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების ერთადერთი მექანიზმია. მისია ქმედითი და პრინციპული პარტნიორია, ის მოითხოვს საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას და განუხრელად იცავს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრება – რამდენი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია დაემატება იმათ რიცხვს, ვინც მიიღო რეზოლუციები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციების შესახებ? დღეს ასეთი ხუთი სახელმწიფო – აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ლიტვა და ჩეხეთი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა – ბალტიის ასამბლეა, დემოკრატიათა თანამეგობრობა, ევროპარლამენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. სამწუხაროდ, ახალ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტმა 24 ოქტომბერს დაამტკიცა, ოკუპაცია არც ერთხელ არ არის ნახსენები.

გაეროს რეზოლუცია – მხარდაჭერის შემდგომი ზრდა. რეზოლუცია აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში – „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“. რუსეთი მოითხოვს, რომ რეზოლუცია მოიხსნას გენერალური ასამბლეის დღის წესრიგიდან, როგორც ჟენევის პროცესის „ხელისშემშლელი“. რუსეთი რეზოლუციის წინააღმდეგ 5 წელია ილაშქრებს, მაგრამ კენჭისყრისას ყოველწლიურად მარცხდება – სულ უფრო დიდი სხვაობით.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი – კიდევ რამდენი სახელმწიფო ცნობს ამ დოკუმენტს? „ჩართულობის სტრატეგიის“ ამ საკვანძო ელემენტის წარმატებას განაპირობებს მისი მიმზიდველობა. მიმზიდველობა კი იზრდება იმ სახელმწიფოების რიცხვის ზრდასთან ერთად, რომლებიც მას ცნობენ. ამჟამად, ასეთი სახელმწიფო ცხრაა: აშშ, ბულგარეთი, იაპონია, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

• რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვება – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, რუსეთს ჩვენი პროდუქციის დაშვების ვალდებულება დაეკისრა. საქართველოს წინააღმდეგ ის ვეღარ გამოიყენებს პოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო ემბარგოს. გაწევრიანების სანაცვლოდ, რუსეთმა იმ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელშიც საქართველო დაფიქსირებულია თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ის, რაც არ უნდა გაკეთდეს

ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება – კანონი არის სერიოზული სამართლებრივი ბერკეტი რუსეთის პოზიციის წინააღმდეგ, ასევე იმ პირების, კომპანიების, თუ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას დააპირებენ. ის საკმარისად მოქნილია და ტაქტიკური მანევრირების საშუალებას იძლევა. მის გაუქმებას რუსეთი ოკუპაციის ცნების დელეგიტიმაციისთვის გამოიყენებს.

რუსეთის აღიარება მედიატორად, ხოლო ცხინვალისა და სოხუმის – კონფლიქტის მხარეებად – ეს ნაბიჯი საფუძველს გამოაცლიდა ოკუპაციის ცნებას და, შესაბამისად, დეოკუპაციის მოთხოვნას არალეგიტიმურად გადააქცევდა. რუსეთი ოკუპანტია, უკანონოდ ჰყავს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე. ეფექტური კონტროლის განხორციელება კი ნიშნავს, რომ რუსეთი ვერც მედიატორი იქნება და ვერც სოხუმი და ცხინვალი იქნებიან კონფლიქტის მხარეები. ეს ცნებები ერთმანეთთან შეუთავსებელია.

• ჩართულობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გაუქმება, ან შეცვლა – ეს აღიქმება, როგორც კურსის შეცვლა და ოკუპაციის დელეგიტიმაცია.

• გაწევრიანება ევრაზიულ სტრუქტურებში – რუსეთი გამუდმებით ცდილობს, თავისი მეზობლები ევრაზიული საბაჟო, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კავშირის სიკეთეებით „მოხიბლოს“. ცოტა ვინმე თუ მოიხიბლა. მათ შორის საქართველო არ უნდა იყოს.

რუსული სამხედრო ტვირთების გატარება – საქართველო თავის ტერიტორიაზე არ ატარებს რუსულ სამხედრო ტვირთებს. ტვირთების გატარება რომელიმე მიმართულებით გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.

მთლიანობაში, ამ მაჩვენებლების ანალიზით შესაძლებელია იმის დანახვა, თუ საით წავალთ: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ თუ საპირისპირო მიმართულებით. ასე რომ, ყურადღებით დავაკვირდეთ იადონებს.

 

კომენტარები