NATO და საქართველო

პრეზიდენტს NATO-ს მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთი კრიტიკული ტონი არ ახსოვს

"NATO-ს მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს", - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. სააკაშვილს მსგავსი კრიტიკული ტონი სხვა ქვეყნების მაგალითზეც არ ახსენდება.

"იმ პირობებში, როცა საქართველოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე ამდენს ვმუშაობდით, გენშტაბის უფროსის დაკავება დილის 6 საათზე, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში სხვა მიზეზით გამოძახებით, ვფიქრობ, იძლევა დაფიქრების საფუძველს. ეს ვიზიტი ჩაგვეშალა. NATO-ს გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ იქნებ გაზაფხულზე იყოს კომიტეტის ჩამოსვლა შესაძლებელი. ვუთხარი, რომ იქნებ NATO-ს მინისტერიალი დეკემბერში არ "ჩაიშალოს" და რაღაც პროგრესს მივაღწიოთ, თუ MAP-ი არა, რადგან ამ სიტუაციაში, არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება გამოვიდეს. გენერალურ მდივანთან ჩემი გზავნილი, მას შემდეგ რაც მან შეშფოთება გამოთქვა, იყო, რომ ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა NATO-ში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მან გენშტაბის უფროსი თანამდებობაზე დატოვა და ამით მთავრობას შანსი მისცა, რომელიც მათ ხელიდან გაუშვეს:

"როცა გენშტაბის უფროსი გამოუშვეს და ჩემთან მოვიწვიე, კიდევ ერთხელ მივეცი შანსი ახალ მთავრობას, რომ ეს ინციდენტი გვერდზე მოგვეტოვებინა, რადგან იქნებ აღარ ჩაშლილიყო ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მან ეს შანსი არ გამოიყენა. ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ NATO-სთან დაკავშირებული საკითხები არ უნდა იყოს მთავრობას და პრეზიდენტს შორის კინკლაობის თემა. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსს მიებას", - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მთავრობა ამას განგებ არ აკეთებს და გამოუცდელობის გამო მოსდის: "ალბათ, შეიძენს უცხოეთში ვიზიტებით გამოცდილებას. მივესალმები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს და ვფიქრობ, საქართველოს ინტერესებს ნათლად დაინახავს. არჩევნების და ხელისუფლების "უხავერდოვანესად" გადაბარების შემდეგ გვქონდა შანსი NATO-სკენ ნახტომი გაგვეკეთებინა. მართლა არ მესმის, რა საჭირო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ცოტა მაინც მოეთმინათ".

დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რასმუსენმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა:

"დიახ. მივესალმები არჩევნებსა და ძალაუფლების გადაცემას. მაგრამ არ დავმალავ: უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა ხდება, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. NATO მხარს უჭერს საქართველოს მომავალ წევრობას. მე არ მინდა ჩავერიო იურიდიულ საკითხებში, მაგრამ არსებობს სტანდარტები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ და არ შეიძლება, გქონდეს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები".

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესია პრაღაში მიმდინარეობს. მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

 

კომენტარები