ჟოზე მანუელ ბაროზო

ბაროზო: კანონის უზენაესობის ერთგულება არჩევნების დღის შემდეგ უმნიშვნელოვანესია

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.

„არჩევნებმა საქართველოში თავისუფალ გარემოში წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის ერთგულება არჩევნების დღის შემდეგ უმნიშვნელოვანესია. ეს დემოკრატიული გარემოსთვისაა აუცილებელი. დემოკრატია ხომ უმრავლესობის მმართველობაა უმცირესობის უფლებების პატივისცემით. დემოკრატია არჩევნებზე მეტია, ეს პოლიტიკური ურთიერთობების კულტურაა. ამ კუთხით, შერჩევითი სამართლიანობა არ უნდა დავუშვათ, ამას შეუძლია ავნოს ქვეყნის იმიჯს როგორც საზღვარგარეთ, ასევე სერიოზულ დარტყმას მიაყენებს კანონის უზენაესობას ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ბაროზომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ივანიშვილის თქმით, საუბარი იმ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველო-ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგშია.  

„ახალი მთავრობა, რომლის მეთაურსაც მე წარმოვადგენ, ძირითად პრიორიტეტად მიიჩნევს ევროინტეგრაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაღრმაოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესი. განვიხილეთ ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგშია. გავაანალიზეთ დინამიკა და დავსახეთ ჩვენი ურთიერთობის რაც შეიძლება სწრაფად განვითარების ამოცანები. ორივემ აღვნიშნეთ დიდი ინტერესი 2013 წლის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით და განვაცხადე, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მოახერხოს და შეასრულოს ის ამოცანები, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის მოქმედებების გეგმის მიხედვითაა დასახული“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის ფედერაციის პირველი რეაქციით მის გადაწყვეტილებაზე, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ახალი ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯი, როდესაც მე სპეციალური წარმომადგენელი დავნიშნე, ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, და ჩვენ რაღაც იმედგაწბილება მივიღეთ მათი [რუსეთის ხელისუფლების] განცხადებებით; არ იყო შესატყვისი რეაქცია ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან. ჩვენ ველოდებით ისევ და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება გააკეთებს შემდგომ ანალიზს და შესატყვის ნაბიჯს გადადგამს. ესკალაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორისაა, არც ერთი ქვეყნისთვის არ არის სასურველი და ორმხრივი მცდელობით უნდა მოვახერხოთ და როგორმე გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი ისტორიული ურთიერთობები“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ჟოზე მანუელ ბაროზოს თქმით, პრემიერმა მას რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „დიდი ინტერესით ვუსმენდი, რადგან მიმაჩნია, რომ ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან, როგორც რუსეთია, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს როგორი ურთიერთობა ექნებათ, მნიშვნელოვანი საკითხია“, - ამბობს ბაროზო.

 

კომენტარები