ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღსრულების ბიუროსგან დაბრუნებულ 80 მილიონ ლარს დროებით არ გამოიყენებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კვლავ პრიორიტეტულია კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სრულფასოვნად ანაზღაურების საკითხი და როგორც არაერთხელ განაცხადა, მზად არის, დაეხმაროს კახელ გლეხებს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აღსრულების ბიურო, როგორც ჩანს, შეეცადა ხელი აეღო დანაშაულებრივ ქმედებაზე და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით, ჯარიმის სახით აღსრულებული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნა, მიზეზად კი სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები დაასახელა. გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 80 მილიონ ლართან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაში რჩება და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე, სააღსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ მოახდინა „ქართუ ჯგუფის“ წილების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება.
აღნიშნული ქმედებით ცალსახად ჩანს, რომ როგორც დაჯარიმების პროცესი, ასევე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა და საჭიროებს საქმის მოკვლევას. ამდენად, ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებში სცადა, თუმცა აღნიშნულ ფონდებში თანხები სრულად გახარჯული აღმოჩნდა. შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, თუმცა გაირკვა, რომ ძველმა მთავრობამ მისი დიდი ნაწილი არამიზნობრივად გახარჯა და დაზარალებულ მოსახლეობამდე კომპენსაცია არ მივიდა. 
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ უკვე დაიწყო კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს დაზარალებულებისთვის სამართლიანი და სრულყოფილი კომპენსაციების გაცემას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, კახეთისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა.

კომენტარები