ივანიშვილის ჯარიმა

იუსტიციის სამინისტრო ივანიშვილისთვის 80 მილიონის დაბრუნებას განმარტავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მის მიერ გადახდილი ჯარიმის - 80 მილიონ ლარამდე თანხის, დაბრუნების შესახებ განმარტებას აკეთებს. უწყება აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ამ თანხის დაბრუნება ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღსრულების პროცესში „პროცედურული დარღვევების“ გამო მოხდა.

„აღსრულების ეროვნული ბიურო ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ ყოფილა გახარჯული და რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა.

კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18(3) მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევის გამო, გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო ღონისძიება და ზემოხსენებული ბრძანება გამოსცა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე კვლავაც ძალაში რჩება, რადგან არ გაუქმებულა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ბიძინა ივანიშვილი მისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონიერებას არ ცნობდა და თანხა იმ მოტივით გადაიხადა, რომ ის კახეთში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. თუმცა, როგორც 5 ნოემბერს საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ეს თანხა პრემიერმინისტრმა უკან დაიბრუნა და კახეთის მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობა თანხებს სხვა წყაროებიდან გამოყოფს.

 

კომენტარები