რელიგიური უმცირესობები

საია: რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 „საია შეშფოთებას გამოთქვამს იმ მდგომარეობის გამო, რასაც უკანასკნელ პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში აქვს ადგილი, სადაც მუსულმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე ურთიერთობა დაიძაბა. ქრისტიანი მოსახლეობა რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი უფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის წინააღმდეგია, რის გამოც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო რწმენის ქონის, არამედ ამ რწმენის გამოხატვის, მათ შორის, რელიგიური წეს-ჩვეულებების თავისუფლად აღსრულების უფლებას. ეს უფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებას, უშუალოდ არ ჩაერიოს უფლების განხორციელებაში, არამედ უზრუნველყოს უფლების რეალიზაცია მაშინაც, როდესაც მისი ხელშეშლა კერძო პირებისგან ხდება. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯად ქმედებას.

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა ადეკვატური საშუალება, რათა საფრთხე არ შეექმნას რელიგიის თავისუფლების ზემოაღნიშნული სტანდარტებით განხორციელებას. ასევე, ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს სოფელ ნიგვზიანის რწმუნებული ირაკლი გუჯაბიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც INFO 9-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პრობლემის გადაწყვეტის დროს ადგილობრივი თვითმმართველობა მხარს დაუჭერს უმრავლესობის აზრს (რომელიც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის გამოხატვის უფლებას).

მიგვაჩნია, რომ სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების დროს დაირღვა რელიგიური უმცირესობების უფლებები, შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მე-9 არხის ეთერში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებების დარღვევას.

საია გამოთქვამს იმედს, რომ არსებული ვითარება სახელმწიფოს ჩარევით უახლოეს მომავალში განიმუხტება და ყველა რელიგიურ კონფესიას ექნება საკუთარი უფლებების მაქსიმალურად თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა“. 

 

კომენტარები