ბალეტი

ეს თავდაყირა სამყარო

„ხელს რომ ისევე გაგეყოლე,

ქარს რომ მისდევენ თოლიები,

ხიდან მიწაზე დავეშვებოდი,

ვიქცეოდი უხეიროთა ცეკვის ხელმწიფედ“

The Shins; Oh, Inverted World; New Slang 

რამდენ ამერიკულ ფილმში გინახავთ კაბრიოლეტში მსხდომი ახალგაზრდები, თავწაკრულები და თმაგაშლილები, რომლებიც მაღალი სიჩქარით მიქრიან გზებზე, ხმას აყოლებენ სამოცდაათიანელების ამერიკულ სიმღერებს და უკან იტოვებენ შემოდგომის ფერად პეიზაჟებს?! მსგავსი კადრები ევროპულ ფილმებშიც ბლომადაა, თუმცა, ქორეოგრაფ თრეი მაკინტაერის „ეს თავდაყირა სამყარო“ წმინდა ამერიკული ბალეტია, რომელიც ბევრისთვის, შესაძლოა, თავისი ახალგაზრდული მუხტითა და ენერგეტიკით, ბობ დილანის თუ კერუაკის თავისუფლების მაძიებელი თაობების შემოქმედებასთან ასოცირდებოდეს.

ბალეტი ამერიკული ინდი როკბენდის, The Shins-ის სიმღერებზეა დადგმული და სახელიც ამავე ჯგუფის ერთ-ერთი ალბომის სათაურის მიხედვით აქვს შერჩეული. თრეი მაკინტაერისთვის The Shins-ის მუსიკა პირად მოგონებებს უკავშირდება, წლების წინ ამ ალბომით მისი გული ერთმა ადამიანმა დაიპყრო: „და მე ორივე შემიყვარდა - ეს მუსიკა და ის ადამიანი. ეს მძაფრი სიყვარულის ისტორია იყო, ძალიან მხურვალე და ამიტომ მალევე განელდა“. შემდეგ მან მუსიკალური ბენდის წევრებთან ერთად ალბომიდან Oh, Inverted World, ის შვიდი სიმღერა შეარჩია, „რომელთა ჟღერადობაც ძალიან ჩამოჰგავდა ცეკვას“. და ასე შეიქმნა 27-წუთიანი ქორეოგრაფია, რომელიც წარსულის მძაფრ მოგონებებსა და განცდებს უკავშირდება.

ბალეტის მსოფლიო პრემიერა 2011 წლის 12 აგვისტოს, კოლორადოში გაიმართა და ამერიკელი კრიტიკოსების მხრიდან დიდი  გამოხმაურება მოჰყვა. ქართულ დასს კი მისი ცეკვის უფლება ქორეოგრაფმა პირველი ჩვენებიდან ერთი წლის თავზე მისცა.

დადგმას რვა მონაწილე ჰყავს - ოთხი ბალერინა და ოთხი მოცეკვავე მამაკაცი. მსახიობები ფერად და მინიმალისტურ კოსტიუმებში არიან გამოწყობილები და მოკრძალებულად განათებულ, ყოველგვარ დეკორაციას მოკლებულ სცენაზე ცეკვავენ.

„ეს თავდაყირა სამყარო“ ქართული დასის მონაწილეობით საინტერესო რამდენიმე მიზეზით გამოდგა: მასში საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება მიეცათ კორდებალეტის მსახიობებს, მათგან რამდენიმე ძალიან ახალგაზრდა მონაწილეს, რომელთაგანაც ნაწილმა კარგად, სხვებმა კი მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი ახალ ქორეოგრაფიას. დადგმაში მონაწილეობა მიიღეს დასის ახალმა მოცეკვავეებმა: იაპონელმა რიო კატომ და კანადელმა ერიკ ბუროუმ. ორივე მათგანი, ფიზიკური მონაცემებითა თუ შესრულების მანერით, ქართულ დასში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან აქამდე მოწვეულ სოლისტებს შორის, ალბათ ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი მოცეკვავეა. ისინი სხვადასხვა საბალეტო სკოლებს წარმოადგენენ, ერთმანეთისგან და ქართველი მოცეკვავეებისგან განსხვავებულად ცეკვავენ, ამიტომ, ინტერნაციონალურმა შემადგენლობამ ქორეოგრაფიას კიდევ უფრო მეტი ფერადოვნება და სიმკვეთრე შესძინა. ქართველი მონაწილეებიდან განსაკუთრებული სისუფთავით გამოირჩეოდა ეკა მახაჭაშვილის შესრულება. თუმცა, დადგმის უდავოდ ყველაზე დასამახსოვრებელი ცეკვა, ერიკ ბუროუს ბოლო სოლო ნომერი აღმოჩნდა. ამ ძალიან მომხიბვლელმა მოცეკვავემ თითოეულ მოძრაობაში წარმოაჩინა მთელი ის სილაღე და შინაგანი თავისუფლება, რასაც იშვიათად თუ ნახავთ რუსული სკოლის მოცეკვავეებში და რაც ძალიან სჭირდებოდა მაკინტაერის ამ დადგმას.

ბალეტის თბილისური პრემიერა სექტემბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უნდა შემდგარიყო, თუმცა პოლიტიკური ვითარების გამო, მისი პირველი ჩვენება გრიბოედოვის თეატრში 20 ოქტომბერს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დადგმა ქართულ თეატრალურ სივრცეში სანახაობრივად, მუსიკალურად თუ ქორეოგრაფიულად ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპექტაკლია, დასანანია, რომ საპრემიერო ჩვენებამაც კი ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა. არადა, ეს ერთ-ერთი იმ წარმოდგენათაგანია, რომელიც ერთნაირად მოხიბლავს მათაც, ვისაც კლასიკური ბალეტი საერთოდ არ უყვარს და სტაჟიან, ბევრის მნახველ თეატრალებსაც. ამიტომ ყველას, ვისაც უბრალოდ რაღაც კარგისა და პოზიტიურის ნახვა გსურთ, აუცილებლად გირჩევთ ნახოთ, ან ხელახლა ნახოთ ეს მართლაცდა „თავდაყირა სამყარო“ - ამჯერად თეატრში, ნინო ანანიაშვილის დასის შესრულებით.

კომენტარები