განათლების სისტემა

განათლების სამინისტრო სკოლებში ათწლიანი სწავლების მოდელს განიხილავს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში 10-წლიანი სწავლების მოდელს განიხილავს.

განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის განმარტებით, მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, 10 კლასის დამთავრების შემდეგ, მოსწავლე აიღებს ატესტატს და გადაწყვეტს გააგრძელოს თუ არა სწავლის შემდგომი ეტაპი - 2 სასწავლო მოსამზადებელი წელი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად იქნება საჭირო.

რაც შეეხება მანდატურის სამსახურს, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, იგი არ გაუქმდება.

,,ჩვენ არ ვგეგმავთ მანდატურის სამსახურის გაუქმებას, ჩვენ ვგეგმავთ მის ტრანსფორმაციას, შევცვლით მის ფუნქციებს. მიგვაჩნია, რომ მანდატურები სასწავლო პროცესში არ უნდა ერეოდნენ და ისინი უსაფრთხოების დაცვით უნდა შემოიფარგლონ. შესაბამისად, მანდატურის სამსახურის ვალდებულებებს აუცილებლად გადავხედავთ“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

ამასთანავე, განათლების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ პროკურატურას ყალბი ატესტატების საქმის შესწავლის მიზნით მიმართა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა, განათლების მაშინდელი მინისტრი ყალბი ატესტატების გაცემაში დაადანაშაულა.

კომენტარები