შსს

ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით სინარიძე დანიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით სინარიძე დანიშნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელის ამოსავალი ღირებულებები კანონიერება, სამართლიანობა და ჰუმანიზმი უნდა იყოს.

„დავით სინარიძე საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებდა. ამ სამსახურის შექმნის საქმეში მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის და დარწმუნებული ვარ, გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც თანამდებობა აკისრებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მინისტრმა პრესკონფერენციაზევე მისცა პირველი დავალება სინარიძეს.

„დარჩნენ შეურიგებელი ყოველგვარი უკანონობის გამოვლინებასთან, დაიცვან ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ქვეყანა უნდა ჩადგეს სტაბილური განვითარების კალაპოტში, უნდა დასრულდეს ის გამარჯვების ეიფორია, რომელიც არსებობდა. ვიცი, რომ იყო გარკვეული დემორალიზება და მოშვებულობა, მაგრამ ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და პატრულმა უნდა გააგრძელოს ხალხის სამსახურში ყოფნა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ტიპის გართულებას ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციას ყოველთვის ჰქონდა და ექნება მისი მხარდაჭერა. 

კომენტარები