სასჯელაღსრულების სისტემა

სოზარ სუბარი: ციხეში „ავტორიტეტების“ გავლენას არ დავუშვებთ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი რუსთავის მე-16 დაწესებულებაში მომხდარ არეულობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტები ციხეში ე. წ. ავტორიტეტების ორგანიზებულია.

მისი განცხადებით, გუშინ, 30 ოქტომბერს, დაწესებულებაში არეულობის მცდელობას ჰქონდა ადგილი და ასეთი მცდელობები დღესაც გრძელდება.

„სიტუაცია მარტივია, აქ არიან ე.წ. ავტორიტეტები, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლება ვითომ ებრძოდა, მაგრამ სინამდვილეში მათ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ. ამ გავლენების გაგრძელებას ჩვენ აღარ დავუშვებთ, ციხეებს მართავს ადმინისტრაცია და არა - სხვა ვინმე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განმარტებით, იგი „დაასრულებს ეპოქას, როცა ციხეებს კრიმინალები და ავტორიტეტები მართავდნენ“.

სოზარ სუბარის განცხადებით, მან ზუსტად იცის, რას მოჰყვა რუსთავის მე-16 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი, თუმცა ამის შესახებ ჯერ ვერ იტყვის.

„ეს, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ იქ დაამზადეს ასევე სასმელი „ბრაგა“ და სწორედ ამას მოჰყვა არეულობის მცდელობა. ბუნებრივია, ამ სასმელის მომზადებას გარკვეული პროდუქცია სჭირდება და, როგორც ჩანს, ამის შეტანა ციხეებში აქამდე შესაძლებელი იყო“, - განმარტა სუბარმა.

რაც შეეხება ამნისტიის პროცესს, მისივე განმარტებით, ციხეების განტვირთვის პოლიტიკა გაგრძელდება.

დღესვე რუსთავში, მე-16 დაწესებულების პატიმართა ახლობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, ისინი სოზარ სუბარის და დეპუტატ ეკა ბესელიას რუსთავში ჩასვლას ითხოვდნენ. დილიდან პატიმართა ახლობლები მე-16 საპყრობილესთან არიან შეკრებილები.

პატიმრების ახლობელთა ნაწილი საპყრობილის ახალ ხელმძღვანელობას პატიმრების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო news.ge-ს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა განუცხადა, დაწესებულებაში სოზარ სუბარის მიერ ახალდანიშნული ციხის უფროსი ლევან აბურჯანია მსჯავრდებულებს წამებით ემუქრება. მსჯავრდებულის ოჯახის წევრის ინფორმაციით, რუსთავის N16 დაწესებულებაში 40-მდე მსჯავრდებული შიმშილობს. სააგენტოს ცნობით, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრი ამ ინფორმაციას უარყოფს.

მე-16 დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის შესწავლის მიზნით ჯგუფი გაგზავნა.

 

კომენტარები