უკრაინის საპარლამენტო არჩევნები 2012

უმაღლესი რადის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნები წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ”უკან გადადგმულ ნაბიჯად” შეაფასა
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მარკ ტონერმა აღნიშნა, რომ არჩევნების პროცესს ჩრდილი მიაყენა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ, მედიის მუშაობაში ჩარევამ და ოპოზიციონერი კანდიდატების შევიწროებამ. ”ჩვენ გვაწუხებს ის, რომ არის საუბარი ხმის მიცემისა და შედეგების დათვლის დროს არსებულ გაყალბებებზე”, - აცხადებს მარკ ტონერი.
უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნებს ეუთო-ც გამოეხმაურა. 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო კამპანია არასაკმარისად გამჭვირვალედ ჩატარდა, ხოლო კანდიდატები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. 
”ეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, არასაკმარისად გამჭვირვალე კამპანიის, ასევე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში წინასაარჩევნო კამპანიის დაუბალანსებლად გაშუქების შედეგი გახლდათ”, - საუბარია დამკვირვებლების განცხადებაში. 
ბოლო მონაცემებით, რადის არჩევნებში მმართველი, რეგიონების პარტია ლიდერობს - 34.20%; ბატკივშჩინა 22.49%-ით მეორე ადგილს ინარჩუნებს. რადაში შესვლას, სავარაუდოდ, მოახერხებენ კომუნისტური პარტია -14.73%; ვიტალი კლიჩკოს უდარი -12.99% და პარტია თავისუფლება - 8.7%.

კომენტარები