საატესტატო გამოცდები

სასკოლო გამოცდები ახალი მეთოდით ჩატარდება

სკოლებში გამოცდების ჩაბარების ახალი მეთოდი დაინერგება - გამოცდები როგორც მე-12, ასევე მე-11 კლასშიც ჩატარდება. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრეს.

მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები გამოცდებს ჩააბარებენ საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიაში. მე-12 კლასის დასრულებისას კი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში.

„ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად გააგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და შესაბამისი საგნის გამოცდას დამატებით ჩააბარებს სასწავლო წლის ბოლოს. ამასთან, 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდები საკუთარ სკოლებში ჩააბარონ. 2012-2013 სასწავლო წელს მე-11 კლასელები გამონაკლისის სახით გამოცდებს არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად. გამოცდები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ CAT-ის მოდელით ჩატარდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, წელს უმაღლესში მისაღები გამოცდები სკოლაში ჩატარდება, მომავალი წლიდან კი კვლავ ძველი სისტემა ამუშავდება და აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ.

კომენტარები