პენიტენციური სისტემა

სუბარი: დღეს და ხვალ პირობით ვადამდე საპატიმროებს 300-მდე პატიმარი დატოვებს

გლდანის 18-ე სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, პატიმრების მონახულების შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დღეს და ხვალ 300-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პირობით ვადაზე ადრე დატოვებს.

"გუშინ პირობით ვადამდე გათავისუფლდა 35 პატიმარი, დღეს და ხვალ კი პირობით ვადამდე საპატიმრო დაწესებულებებს დაახლოებით 300-მდე პატიმარი დატოვებს" - აცხადებს სუბარი. მინისტრის თქმით, სასამართლოს დიდ რაოდენობაზე სასჯელის გადავადების თხოვნით მიმართავს. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში 2 პაციენტი შიმშილობდა, მასთან შეხვედრის შემდეგ კი შიმშილობა შეწყვიტეს.

მინისტრი არ აზუსტებს იმ კრიტერიუმებს რომლის მიხედვითაც პატიმრები პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდებიან - "გარკვეულ დანაშაულზე პატიმარს ნახევარი უნდა ჰქონდეს მოხდილი, ზოგ შემთხვევაში კი 2/3, ასევე საჭირო დახასიათება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. გათავისუფლება კონკრეტულ მუხლებს არ ეხება. გათავისუფლება შეიძლება ყველა მუხლს შეეხოს".

რაც შეეხება ამნისტიას, რომელზეც სუბარი ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატობის დროს საუბრობდა, მინისტრის თქმით, საზოგადოებას ცრუ მოლოდინები არ უნდა გაუჩნდეს. "ამნისტია არ იქნება პანაცეა, თუმცა პირობით ვადამდე გათავისუფლების რეალური ამუშავებით სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით და ავადმყოფი პატიმრებისადმი მიდგომის შეცვლით, ჯამში, გათავისუფლება ფართომასშტაბიანი გამოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც განიტვირთება", -აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ხვალ სუბარი და პატრიარქი ილია მეორე ნომერ პირველ დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს 12:00-ზე მოინახულებენ.

 

კომენტარები