საქართველო-რუსეთი

ლავროვი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ციხეებში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს გაათავისუფლებენ

ოფიციალური მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი რუსეთის ყველა მოქალაქე გათავისუფლდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უსამართლო ბრალდებით იხდიან სასჯელს საქართველოს ციხეებში, პატიმრობიდან გათავისუფლდებიან“, - აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლების პირობებში „ბევრი რამის გაკეთება ვერ ხერხდებოდა“.

ლავროვმა, აგრეთვე, იმ შვეიცარიელი დიპლომატების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენენ. მისი თქმით, შვეიცარიელი კოლეგები თავიანთ მოვალეობას სრულყოფილად ასრულებენ.

„ჩვენ არ გაგვიწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, ეს ბატონმა სააკაშვილმა გააკეთა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა იმ სახელმწიფოს არსებობა, რომელიც საქართველოში ჩვენს ინტერესებს წარმოადგენდა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

კომენტარები