თბილისის დინამო

ჟორდანია თბილისის დინამოს დაბრუნებას ეცდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად არნემის ვიტესის მფლობელი, მერაბ ჟორდანია თბილისში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ჟორდანია თბილისის დინამოს ყოფილ მფლობელებს შეხვდა, სადაც კლუბის მის მფლობელობაში შესაძლო დაბრუნება განიხილეს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის დინამო ბიზნესმენ რომან ფიფიას საკუთრებაშია. მერაბ ჟორდანიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის „დინამოს“ ყოფილ და ამჟამინდელ მესვეურებს.

ხელისუფლებაში მოსული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ, კერძოდ, ქონებრივი დავებით დაინტერესებულ პირთა უშუალო მოლაპარაკების გზით გადაჭრისაკენ მოწოდება, დროული და მეტად მნიშვნელოვანია. 

ამ შემთხვევაში საუბარია ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საკუთრების უფლებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კლუბის პირველი მფლობელებისადმი დაბრუნების საკითხი არ არის ახალი და დღეს არ წამოჭრილა, როგორც ეს შეიძლება მავანთ ეგონოთ. 

საკითხი აქტუალურია 2001 წლიდან, სწორედ იმ მომენტიდან, როცა კლუბის მენეჯმენტს ძალისმიერი ფორმით მართვის უფლება ჩამოართვეს!

მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ საფეხბურთო სადავო საკითხებს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის, უნდა აგვარებდეს ისევ საფეხბურთო ოჯახი, კომპეტენტური ორგანოების დახმარებით. 

სწორედ ამიტომაც მოვუწოდებ კლუბის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს, შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან და საქმიან, სამართლიან და ურთიერთპატივსაცემ გარემოში გაარკვიონ კლუბის კანონიერი მფლობელის ვინაობა. 

თავისთავად, მოლაპარაკების არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში მხარეები უფლებას იტოვებენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკითხი სასამართლო დავის საგანი გახდეს“. 

კომენტარები