სასჯელაღსრულების სისტემა

გიორგი ტუღუში: შევძელით სისტემა ნორმალურ მდგომარეობაში გადაგვებარებინა

დღეს, 24 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შენობა გახსნა. აღნიშნული დაწესებულება ორიენტირებული იქნება მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაზე, პროფესიულ გადამზადებაზე და მომავლის დაგეგმვისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე.
გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში მისი ერთთვიანი მინისტრობის პერიოდიც შეაჯამა. 
”მიუხედავად ძალიან რთული პერიოდისა, ჩვენ შევძელით სისტემა ნორმალურ მდგომარეობაში გადაგვებარებინა ახალი ხელმძღვანელობისთვის. ამ ბოლო ერთ თვეში მკვეთრად გავზარდეთ ხარჯები ჯანდაცვაზე სხვა ხარჯების შემცირების საშუალებით. 111 პირი გადაყვანილ იქნა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებების სამკურნალო ცენტრში, 438 პატიმარი გადავიყვანეთ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, 540–მდე პატიმარი გავიყვანეთ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში, ჯამში, 40–მდე პირს გადაუვადდა სასჯელი, რომლებმაც დატოვეს დაწესებულებები იმის გამო, რომ ჯანმრთელობის შეუსაბამო მდგომარეობა ჰქონდათ. 10–მდე პირს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ტუღუშმა.
მოქმედი მინისტრი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სასჯელაღსულების დაწესებულებების წინაშე დგას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. 
ტუღუში იმასაც განმარტავს, რომ სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება დაწესებულებების ეტაპობრივი განტვირთვა, ”თუმცა, ეს არ უნდა გაკეთდეს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ხარჯზე”.  

კომენტარები