აშშ

აშშ-ში ბარაკ ობამასა და მიტ რომნის საბოლოო ტელედებატები ჩატარდა

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მისი რესპუბლიკელი მეტოქის მიტ რომნის საბოლოო, მესამე ტელედებატები 22 ოქტომბერს, ფლორიდაში გაიმართა. საუბრის თემა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იყო.

დებატებში მცირე უპირატესობით ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. თუმცა ექსპერტთა შეფასებით, წინა დებატების გათვალისწინებით, უკანასკნელი რაუნდი არ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე. 

Public Policy Polling-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ობამამ 53% მიიღო, ხოლო რომნიმ 42%. თუმცა უკანასკნელი ორი კვირა რომნი კვლავ სარგებლობს დენვერში 3 ოქტომბრის დებატებში გამარჯვებით. როგორც Washington Post-ი წერს, დებატების განმავლობაში რომნიმ გამოხატა თავისი განსხვავებული პოზიცია ბევრ საკითხზე, მაშინ როდესაც ობამამ ნაკლები ისაუბრა მომავალი 4 წლის გეგმებზე.

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ამერიკის საგარეო საფრთხე გაიზარდა, რის მაგალითადაც ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა მოიყვანა.

ობამამ რომნი რუსეთის ნომერ პირველ მტრად გამოცხადებისთვის გააკრიტიკა, საპასუხოდ რომნიმ ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის გეოპოლიტიკური მეტოქეა. რომნიმ პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს. 

ობამამ ბევრჯერ დასდო ბრალი მიტ რომნის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხვებზე პოზიციის ცვლილებაში და ოპონენტს რამდენჯერმე „მცდარი და დაუფიქრებელი“ უწოდა. საპასუხოდ, რომნიმ პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში „საბოდიშო ტურნეს“ ჩატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ამერიკას არ დაუმყარებია დიქტატურა სხვა ქვეყნებში. [ამერიკამ] გაათავისუფლა სხვა ქვეყნები დიქტატორებისგან“.

ბარაკ ობამამ საკუთარი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიღწევად მსოფლიოში ნომერი პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის განადგურება დაასახელა, რაზეც მას მიტ რომნიც დაეთანხმა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში  6 ნოემბერს ტარდება.

 

კომენტარები