საქართველო-რუსეთი

ლავროვი: რუსეთი საქართველოს ახალ მთავრობას კონკრეტული ქმედებების მიხედვით შეაფასებს

მოსკოვი საქართველოს ახალი მთავრობის განზრახვებს რუსეთთან და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობაში მისი კონკრეტული ქმედებებისა და პოზიციების მიხედვით შეაფასებს. Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

”ვადასტურებთ, რომ ველოდებით ახალი მთავრობის ფორმირებასა და მის მიერ უფლებამოსილების გადაბარებას. შემდეგ მას კონკრეტული, პრაქტიკული საქმეებითა და პოზიციებით განვსჯით, რომლებიც რუსეთთან და მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში გაცხადდება". - აღნიშნა ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები ოფიციალურ თბილისს მისცემს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, მათ შორის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. თუმცა, მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.

 

კომენტარები