სასჯელაღსრულების სისტემა

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა თვითდაზიანების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამკურნალო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის მიზნით თვითდაზიანება მიიყენა სამმა მსჯავრდებულმა. სამივე პატიმარს გაეწია სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულებმა პროტესტის ამ ფორმას ექიმთან შეხვედრისა და მედიკამენტების დამატების მოთხოვნის გამო მიმართეს. პატიმრები აღნიშნავენ, რომ დაწესებულების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ უკმაყოფილონი არიან სამედიცინო მომსახურების ხარისხით და ითხოვენ მის გაუმჯობესებას.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პატიმართა ნაწილი თვითდაზიანებებს იყენებს იმ მოტივით, რომ მოხდეს მათი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ გაუმჯობესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების ხარისხი. სამინისტრო მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებს საკუთარ სამედიცინო პერსონალს პატიმართათვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ლიმიტთან შედარებით 30%-ით გაზრდილია პატიმართა რაოდენობა სამკურნალო დაწესებულებაში. ამავდოროულად, პატიმართა დიდი ნაწილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება სამოქალაქო სექტორის დაწესებულებებში.“ – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები