ასავალ-დასავალი

პოეტი რეზო ამაშუკელი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ ასავალ-დასავალს გამოექომაგნენ

6 ოქტომბერს, მედიაკავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში, პოეტი რეზო ამაშუკელი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ ასავალ-დასავალის მიერ მე-8 საყრობილის თანამშრომლების სიისა და პირადი მონაცემების გამოქვეყნების ფაქტსა და რედაქციის წინააღდეგ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტს გამოეხმაურნენ. 
პოეტი რეზო ამაშუკელი, ასავალ-დასავალის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ”რეჟიმის რევანშის” გამოვლინებად აფასებს.   
”აღარ შეიძლება ამის ყურება რასაც ჩვენ ახლა ვითმენთ და ვუყურებთ. თქვენ რა გგონიათ რომ ციხეებში შეწყდა წამებები? არსებობს სპარსული სიტყვა ასეთი - ხურუში, რომელიც მერე ქალაქში გავრცელდა და ეძახიან ხურუშიანებს. ეხლა ეს ხურუშიანები ვითომ იცავენ რაღაც უფლებებს და თავს დაესხნენ ახლა ასავალ-დასავალს. ჭკვიანად იყოს სუყველა. მაგ გრანტებს მოუარონ მაგათმა და თავიათ ცხოვრებას მოუარონ , თორემ ყველაფერს დაუდებ წინ. 
მე როგორც არ შემშინებია ამდენი წელიწადი არავის, არც მაგათი ობსტრუქციების მეშინია. ობსტრუქციებზე არ წავიდეს საქმე, თორემ ისეთ ობსტრუქციას მოვუწყობ, რომ ცხვირს ვერ გამოყოფენ გარეთ. 
მე კიდევ გთხოვთ, რომ ნუ წაუყურებთ ნურაფერს. კიდევ ვიმეორებ, მზადდება საშინელი საბოტაჟი, ესენი უკვე საბოტაჟისთვის ემზადებიან არავითარი ოპოზიცია ეგ არ არის. მაგრად ემზადებიან რევანშისთვის. თუ ამას ქართველი ხალხი დაუშვებს, რისი ღირსებიც ვიქნებით იმას მივიღებთ” - განაცხადა ამაშუკელმა.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძის თქმით კი საზოგადოება თავის სიმაღლეზე არ არის. მან ასავალ-დასავალის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ”ვითომ უფლებადამცველების” მიერ ორგანიზებული ღონისძიება უწოდა და განაცხადა, რომ ”პრინციპული საკითხებია, რომ ამ ადამიანებს უნდა ვიცნობდეთ ყველა, ვინ არიან ეს ჯალათები, რომ შემთხვევით ამ ადამიანის გვერდით სუფრაზე არ აღმოჩნდე, რომ ამ ადამიანის გვერდით პანაშვიდზე არ აღმოჩნდე და ისე ჩაუარო რომ არ მიაგო საკადრისი პასუხი”. 
ნანა კაკაბაძე ”უღირსი ადამიანების კონტროლის” საუკეთესო ”მექანიზმად”, მათ გამოაშკარავებას მიიჩნევს. ”პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება მაინც ამ ადმიანების მიმართ არის ისეთი ლოიალური, რომ (მე რა თქმა უნდა ლინჩის წესისკენ არავის მოუწოდებ), მაგრამ რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვა, მათ არ უნდა მიესალმო, ის არ უნდა იყოს შენი მეგობარი და შენი ოჯახის წევრი და ოჯახის წევრმაც კი ზურგი უნდა აქციოს ასეთ ადამიანს და დაანახოს, რომ ის არის უზნეო და რომ ეს არის მიუღებელი. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა ის, რომ ვითომ შენ იმის შვილებს გაუფრთხილდი. იმის შვილების გაფრთხილება არის ის, რომ უღირსი მამა სახლში არ უნდა ყავდეს. მან უნდა იცოდეს, რომ შვილი რომ ყავს, სახლში ის შვილი პასუხს მოსთხოვს იმ ცოცხების გამო” - განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები