სასჯელაღსრულების სისტემა

სასჯელაღსრულების #18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვნეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში 5 ოქტომბერს, დილით სავარაუდო სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციიდან მიღებული ცნობის მიხედვით, 1970 წელს დაბადებული ბრალდებული ე.ნ. ჩამომხრჩვალი იპოვეს დაწესებულების საპირფარეშოში.

”ბრალდებული სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს 2012 წლის 26 სექტემბერს. ე.ნ. დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.” - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

ბრალდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს.

 

კომენტარები