„იმ ექსცენტრულობის გარდა, რაც ზებრების მოშენებით თუ ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობით გამოიხატება, ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ქართულმა ოცნებამ ორშაბათის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა მისმა გამარჯვებისშემდგომმა პირველმა პრესკონფერენციამ ერთი რამ ნათელი გახადა - ის ორატორი არ არის”.
ასე იწყებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ის კორესპონდენტი, შონ უოკერი, პრესკონფერენციიდან მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებას თავისი მკითხველისთვის.
პირველ პრესკონფერენციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2 ოქტომბერს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების აღიარებიდან მალევე მოიწვია, ბუნებრივია, უცხოელი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
Foreign Policy-ის ჟურნალისტმა, შონ უოკერმა ზებრა სახელად ზელდა დაახლოებით 2 თვის წინ, ივლისში, ივანიშვილისგან პირველი ინტერვიუს აღების დროს ნახა, მის აგარაკზე ურეკში.
უოკერი იხსენებს, რომ მაშინ ივანიშვილი ზელდაზე, ფარშავანგებზე, მის ბავშვობასა თუ მოსკოვში ბიზნესის კეთებაზე უფრო დამაჯერებლად საუბრობდა, ვიდრე პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებზე და ძირითად დროს ოპონენტზე პერსონალურ თავდასხმებს უთმობდა. უოკერმა ისიც გაიხსენა, რომ მაშინ ივანიშვილი საკუთარ კომპანიაში ქვეშევრდომებთან ურთიერთობის სტილს მედიასთან ურთიერთობაშიც იყენებდა ინტერვიუს დასასრულს, ივანიშვილმა Foreign Policy-ის ჟურნალისტს უთხრა: „იცი ხომ, რომელი ფრაგმენტები გამოიყენო და რომელი არა? დარწმუნებული ვარ, გესმის, რა უნდა დაწერო და რა არა”.
2 ოქტომბრის პრესკონფერენციამ ჟურნალისტს, როგორც ჩანს, ივანიშვილზე აზრი დიდად ვერ შეუცვალა. „სამშაბათის ამ პრესკონფერენციაზე, ბლუმბერგის ჟურნალისტის სავსებით ლეგიტიმურმა კითხვამ, შესაძლებელია თუ არა ახლა, როცა იგი ხელისუფლებაშია, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები დაბრუნდნენ საქართველოში, ივანიშვილი გააცხარა. „ვინ დაგავალათ ამ კითხვის დასმა? სააკაშვილმა? ბოკერიამ?.. ეს არ არის სწორი კითხვა და მე მას არ ვუპასუხებ”.
ივანიშვილის ასეთმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტებთან ჯეკსონ დილიც გააკვირვა, რომელიც მარშალის ფონდის მიერ თბილისში მოწვეულ ჟურნალისტებთან ერთად არჩევნების დღეს ივანიშვილს შეხვდა. The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯეკსონ დილი იხსენებს: „იგი ღიზიანდებოდა ჩვენი ჯგუფის მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებზე, თითს გვიქნევდა და მოითხოვდა, გვეთქვა, საიდან მოდიოდა ეს შეკითხვები”.
Foreign Policy-ის ჟურნალისტი, შონ უოკერი, ივანიშვილის არაინფორმირებულობას უსვამს ხაზს: „მან ისიც არ იცოდა, რომ ქართული კანონმდებლობით, ყოველ შემთხვევაში შემდეგ წელს საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე, სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, უნდა დაამტკიცოს პრემიერმინისტრის კანდიდატურა. ამ საკითხზე ჯერ ცხარე დავა გამართა ჟურნალისტთან, გეშლებაო, მერე კი უკან დაიხია”.
შონ უოკერი ივანიშვილს უწუნებს თანამიმდევრულობას - „ივლისში თუ მითხრა უკვე 10 მილიონი დოლარი დავხარჯე საარჩევნო კამპანიაზეო, 2 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე ეს თანხა საშუალოდ 2 მილიონამდე შეამცირა” - და დროის მენეჯმენტსაც: „თავის გრძელ შესავალში, რომელშიც ყველაფერს მიედ-მოედო, ერთი და იგივე საკითხი ოთხჯერ გაიმეორა და დიდხანს ისაუბრა, თუ როგორ უჩივლებს ერთ მოსამართლეს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოტანილი, როგორც თავად თქვა, უკანონო განაჩენების გამო”.
დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარს, ჯეიმს კირჩიკს, მიაჩნია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები და ძალაუფლების მშვიდობიანი ცვლილება საქართველოს დემოკრატიის ტრიუმფია, ეს ქვეყნის ჩრდილოელი მეზობლის რუსეთის გამარჯვებაცაა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი მთავრობის პირობებში თავის გავლენას გაზრდის”. The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსეთის გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე” კირჩიკი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ დასავლეთთან კავშირების შესაძლო შესუსტებას ვარაუდობს და მიაჩნია, რომ ივანიშვილი, რომელიც მილიარდერი რუსეთში გახდა, „დიდი ალბათობით, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დააბრუნებს”.
ავტორი იმ მუქარანარევ წერილსაც იხსენებს, რომელიც ივანიშვილმა ამერიკის ელჩს მისწერა და მოითხოვა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს კვლევების ჩატარება შეეჩერებინათ, რადგან ეს კვლევები ივანიშვილს არ მოსწონდა. „უფრო ბევრისმთქმელი კი ის არის, რასაც ივანიშვილი არ ამბობს. მას საჯაროდ ბატონი პუტინი, რომელიც საქართველოში პოპულარული ფიგურა არ არის, არასდროს გაუკრიტიკებია”.
2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ქვეყნის სტრატეგიად NATO-სკენ სვლა გამოაცხადა. „თუმცა ასეთი დაპირებები ფუჭია, როდესაც მას ივანიშვილი, მაგალითად, ასეთ განცხადებებს მოაყოლებს: „NATO-ში ჩვენი გაწევრიანება რუსეთისთვის პრინციპული საკითხი არ ყოფილა”. ივანიშვილმა სააკაშვილი საქართველოს „გეოპოლიტიკურ მოთამაშედ” გადაქცევაში დაადანაშაულა და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების პირობა დადო, რაც მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე შეიძლება მოხდეს, სანამ ბატონი პუტინი არის ძალაუფლებაში”, ამბობს სტატიის ავტორი.
მკვლევარი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო NATO-სა და ევროკავშირისკენ სვლას გააგრძელებს, ის პოლონეთის ან ჩეხეთის მსგავსი ქვეყანა გახდება, ხოლო თუ რუსეთისკენ აიღებს გეზს, უკრაინასა და ბელარუსს დაემსგავსება.
„წლების განმავლობაში კრემლი ცდილობდა საქართველოს დესტაბილიზაციას და მისი პროდასავლური ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაბედა და დასავლეთის მოკავშირე გახდა. იმის გაკეთება, რაც კრემლმა ომით ვერ შეძლო, მოგვიანებით სხვადასხვა ხელმოცარული, ბილწსიტყვაობით გამორჩეული პოლიტიკური ფიგურების მეშვეობით სცადა. მხოლოდ ახლა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სახით, მოსკოვმა გამარჯვებას მიაღწია”.
ჯეკსონ დილი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას ასე ასრულებს: „საქართველოს მომავალი და იმედები, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატია განვითარდება ახლა იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ეს მოძრაობა იმ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების შენარჩუნებას და გაგრძელებას, რომლებიც სააკაშვილმა და ახალგაზრდა ტექნოკრატების მისმა გუნდმა დაიწყო. სააკაშვილის წყალობით, ვიცით მომავალი წარმატების გამოხატულება რა იქნება: ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილის მიმართვა მოსახლეობისადმი, რომელშიც იგი პოლიტიკურ დამარცხებას აღიარებს და ამით დემოკრატიულ სისტემას გაამყარებს”.
თუმცა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე ივანიშვილს პირველი „მარცხი” უკვე მოუვიდა: „სააკაშვილის მიერ არჩევნებში წაგების აღიარებიდან ერთ საათში, ბატონმა ივანიშვილმა სააკაშვილის ლანძღვას დიდი დრო დაუთმო, „საქართველოს ყველა უბედურების მთავარი მიზეზი” უწოდა და თქვა, რომ ისინი ვერ ითანამშრომლებდნენ”, წერს ელენ ბარი The New York Times-ში. შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს: „ამით დასრულდებოდა ეს პრობლემა. ეს მისთვის სახის შენარჩუნებისთვის კარგი იქნებოდა. ეს საქართველოსთვის იქნებოდა კარგი”.