სასჯელაღსრულების სისტემა

ომბუდსმენის აპარატი: ქსნის მე-15 საპყრობილის 526 პატიმარი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი 526 პატიმარი ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან  წარსულში განხორციელებულ  არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ მიმართ რეგულარულად ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

”მათ სჯიდნენ ნებისმიერი წვრილმანისთვის, ხშირად უმიზეზოდაც. დასჯის მიზნით სამარტოო საკანში გადაყვანის წინ მსჯავრდებული გადაყავდათ ადმინისტრაციის შენობაში არსებულ სავარჯიშო ოთახში, სადაც სცემდნენ, აბამდნენ ხელბორკილებით გათბობის მილზე, ზოგჯერ იყენებდნენ ელექტროშოკს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. დაწესებულებაში ახლად მიღებული მსჯავრდებულების საკნებში განაწილებამდე მათ ათავსებდნენ აბანოში, სადაც ისინი რამდენიმე დღეს ატარებდნენ. აქ მათ აყენებდნენ მუხლებზე, პარსავდნენ თავს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მსჯავრდებულების თქმით, აბანოდან ისინი სათითაოდ გაყავდათ ადმინისტრაციის შენობაში ან საკანში და აიძულებდნენ ხელის მოწერას თანამშრომლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ცემდნენ, ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით და ოჯახის წევრებზე ზეწოლით.” - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ თითოეული მათგანი მზადაა, დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას.

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ქსნის N15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებზე.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გამოეხმაურა ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებას. სამინისტროს განმარტებით, ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ ძალადობაში შემჩნეული არც ერთი თანამშრომელი აღარ მუშაობს, ასევე 2012 წლის 20 სექტემბრის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არცერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

კომენტარები