სასჯელაღსრულების სისტემა

ომბუდსმენი: პატიმართა ნაწილი წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, რუსთავის #17, ქსნის #15 და რუსთავის #6 დაწესებულებებში სიმშვიდეა და რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო შეზღუდვები დაწესებული არ არის.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ნაწილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორცილებული საგანგებო მონიტორინგისას განაცხადეს, რომ მათ 20 სექტემბერს გამოაცხადეს შიმშილობა წამების მსხვერპლ პატიმართა მიმართ სოლიდარობის მიზნით. მსჯავრდებულებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროტესტის ეს ზომა არ უკავშირდება მათ მიმართ მოპყრობას და არ არის მიმართული N17 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების წინააღმდეგ, ასევე, არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.

”ქსნის #15 დაწესებულების დახურულ ნაწილში განთავსებულმა ზოგიერთმა მსჯავრდებულმა გუშინ დაიწყო შიმშილობის აქცია წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის მიზნით. ისინი ასევე მოითხოვენ მათ მიმართ წარსულში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებების ადეკვატურ წარმოებას და დამნაშავეთა დასჯას. ამასთან დაკავშირებით მათმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა, შეხვდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, რათა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მათ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.” - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპრატის ინფორმაციით, რუსთავის #6 დაწესებულების მსჯავრდებულებს ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან მიმართებაში ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვთ.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამივე დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურება არის ცუდი და ვერ უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის ადეკვატურ და ჯეროვან დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს სისტემაში განთავსებული ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

 

კომენტარები