სასჯელაღსრულების სისტემა

ტუღუში ტელევიზიებს მოუწოდებს, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალები აღარ გაუშვან

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება.

ტუღუშმა დღეს, გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეოების ჩვენება სიტუაციას ამწვავებს.

”ძალიან გთხოვთ, ყველა ტელეარხმა შეწყვიტოს პატიმართა წამების ამსახველი ფირების ტრიალი. ეს ართულებს მდგომარეობას. გვაცადეთ ამ ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. მე პატიმრებს გავესაუბრე, რომ პირადად ჩემთვის გადმოეცათ ინფორმაცია, თუ ვინმე იყო კიდევ ციხეში ისეთი, ვინც მათ მიმართ ადრე ცუდ მოპყრობაში იყო შემჩნეული. რამდენიმე თანამშრომელი გუშინ კიდევ დავითხოვეთ სამსახურიდან". - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრმა აგრეთვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანის ციხის მესამე კორპუსში პატიმრები შიმშილობენ. ტუღუშის თქმით, გლდანის დაწესებულებაში ამ დროისათვის სრული სიმშვიდეა.

 

კომენტარები