სასჯელაღსრულების სისტემა

ომბუდსმენი: ბოლო დღეებში მერვე დაწესებულების პატიმრებზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა

სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აქვეყნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს.

” სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების პატიმრებმა 20 სექტემბერს გასაუბრებისას განაცხადეს, რომ უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ამავდროულად პროტესტს და აღშფოთებას გამოთქვამდნენ მათ მიმართ N8 დაწესებულებაში სხვადასხვა დროს განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და ითხოვდნენ დამნაშავე და მოძალადე პირების დასჯას. ამასთანავე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პატიმრების თხოვნაა, დღე-ღამის განმავლობაში არ გაუთიშონ რადიოები.” - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატი აგრეთვე განმარტავს, რომ 20 სექტემბერს N8 დაწესებულების ტერიტორიიდან გასული რამდენიმე ე.წ. „ეტაპის მანქანით“, რამაც პატიმრების ოჯახის წევრთა გაურკვევლობა გამოიწვია, მსჯავრდებულების გადაყვანა მოხდა არა N8 დაწესებულებიდან, არამედ N18 სამკურნალო დაწესებულებიდან სასჯელის მოხდის ადგილებზე.

 

კომენტარები