სასჯელაღსრულების სისტემა

სტუდენტებმა გლდანის ციხესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო მსვლელობა ახმეტელის თეატრიდან გლდანის ციხის მიმართულებით გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ბაჩო ახალაიას პასუხისგებაში მიცემა. მათი თქმით, 20 სექტემბერს დამოუკიდებელმა სტუდენტებმა პრეზიდენტს ახალაიას გასათავისუფლებლად 24 საათი მისცეს, ახლა კი ისინი 24 საათს მიხეილ სააკაშვილს ყოფილი შს მინისტრის დასასჯელად აძლევენ.

დემონსტრანტების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა პატიმრებზე კვლავ ხორციელდებოდეს რაიმე სახის ზეწოლა. თავად პატიმრები მათ მხარდამჭერებს შეძახილებით შეეგებნენ, მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების საკნის ფანჯრებიდან სხვადასხვა ნაჭრები გადმოფინეს.

გლდანის ციხესთან შეკრებილნი იყვნენ პატიმრების მშობლები და ახლობლებიც. მათი თქმით, მათ ჯერ არ უნახავთ თავიანთი შვილები. ისინი აცხადებენ, რომ პატიმრების მიმართ განხორციელებული განმეორებითი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ არაფერი სმენიათ.

სტუდენტების აქციაზე შეინიშნებოდა რამდენიმე სასულიერო პირიც. გლდანის ციხესთან იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. უფლებადამცველების თქმით, პატიმრებისადმი მუქარის და დაშინების ფაქტები გრძელდება. ისინი მოითხოვენ, რომ მიეცეთ საპყრობილეში შესვლის და მსჯავრდებულების მდგომარეობის შემოწმების საშუალება.

სტუდენტების თქმით, პატრიარქის კურთხევით ისინი დღეს საპროტესტო აქციებს აღარ გამართავენ. დამოუკიდებელი სტუდენტები ხვალ შეკრებას და მორიგი მსვლელობის დაგეგმვას აპირებენ.

 

კომენტარები