დებატები

18 სექტემბრის დებატები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში

 

დღეს, 18 სექტემბერს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში , პროექტ "დებატები 2012"-ში მონაწილეობა ქართული ოცნების კოალიციის სიის პირველმა ნომერმა კახა კალაძემ, "ქრისტიან-დემოკრატების" სიის პირველმა ნომერმა გიორგი თარგამაძემ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ მიიღეს.

 კახა კალაძემ მმართველი პარტიის წევრები, ელიტური კორუფციის შექმნაში დაადანაშაულა და საპატიმროებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პასუხი დავით ბაქრაძეს მოსთხოვა: „"ცოტა ხნის წინ, "მაესტროს" ეთერში ვნახე იმ საზარელი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, როგორ უსწორდებიან პატიმრებს მაღალჩინოსნები. ეს არის რეფირმირებული პენიტენციური სისტემა?! გული დამეწვა. საქართველო, მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზეა ევროპაში და მეოთხეზე - მსოფლიოში. ჩვენ ასევე პირველ ადგილზე ვართ საპატიმროებში სიკვდილიანობით", - განაცხადა კალაძემ. პასუხად დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ნარკოტიკების გამსაღებლებისა და კანონიერი ქურდების დრო დასრულდა, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი და მათ შორის, პატიმრების ძალადობის აქტზე ბრალდებული თამაზაშვილი.

კახა კალაძემ, ბაქრაძის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როგორ აპირებენ დანაპირების შესრულებას, იმ დროს, როდესაც მათივე თქმით,  „ქართული ოცნება“ იშლება, ჯიბის ჟურნალისტების გამოგონილი უწოდა და განაცხადა, რომ მათ პარტიას დაშლა არ ემუქრება და მზად არიან ძლიერი გუნდით ჩაანაცვლოს დღევანდელი ხელისუფლება. მისივე თქმით ქართული ოცნების" მხარდაჭერა ჩვენი შვილების მომავლის მხარდაჭერას ნიშნავს და ამომრჩეველს სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა.

დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ნაციონალური პარტიის მთავარი მიზანიც მისი დაძლევაა: „ჩემი ამოცანა ოპონენტებთან ბრძოლა და მათი დამარცხება არ არის, ჩვენ ვებრძვით და დავამარცხებთ უმუშევრობას საქართველოში. ჩვენი მიზანია, წავიყვანოთ ქვეყანა ხუფენიადან მომავლისკენ და არა დღევანდელობიდან ხუფენიასკენ. დებატებში დავით ბაქრაძემ არაერთხელ ახსენა ოთარ ხუფენია, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნების“ ამჟამინდელი წევრი და საქართველოს საპენსიო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია.

თარგამაძე ამომრჩეველს, „ჭაობში დაბანდებული ფულის სანაცვლოდ“, ენერგეტიკის გამოსყიდვასა და ტარიფების გაიაფებას დაპირდა: "საუბარია ლაზიკას მშენებლობაზე – ეს ჩვენი საერთო ფულია და ის სააკაშვილს საკუთარი ოჯახიდან არ მოაქვს. მილიარდი ჭაობში დასაბანდებლად უფრო გემეტებათ თუ იმისთვის, რომ გამოვისყიდოთ ქართული ენერგეტიკა, მომენტალურად გავაიაფოთ ტარიფები და ქართულ ბიზნესს კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის საშუალება მივცეთ. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული 1000 ლარიანი ვაუჩერი თვეში ოჯახზე 20 ლარია. თქვენ რომ გქონდეთ ამ თანხების გაღების საშუალება, 20 ლარიან მათხოვრულ დახმარებას დაურიგებდით ოჯახებს თუ ამ ფულს ჩადებდით სოფლის აღორძინებაში, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში. თქვენი გადასაწყვეტია, რომლის სასარგებლოდ გააკეთებთ არჩევანს".

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მათ არა სარგებელი, არამედ ხალხის კეთილდღეობა უნდათ: „მმართველი ელიტის გლდანის ციხეში გადანაცვლებამდე კი სამუშაო ადგილები არ გვეღირსება“. ნათელაშვილმა ხელისუფლების წევრები და მათი ნათესავები ქვეყნის ქონების მიტაცებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხალხის კეთილდღეობის პერსპექტივას საქართველოს მოსახლეობას ნაციონალების ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლა საბოლოოდ წაართმევს.

 

კომენტარები