არჩევნები 2012

5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სამართლიანად ცნობენ, ის ყველა პარტიამ უნდა აღიაროს. მინისტრის თქმით, საქართველოში ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, აგრეთვე, ევროპისთვის მძლავრი სიგნალი იქნება.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი მლადენოვის განცხადებით, საქართველო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ პროგრესირება ევროპასთან ურთიერთობაში. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი ჩატარდეს მაღალ დონეზე.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლატეანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხუთი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლების ვიზიტი არის იმ ვალდებულების მაჩვენებელი, რომელიც ევროკავშირს აქვს აღებული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გზაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ხუთი ქვეყნის მინისტრებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო არჩევნები, უსაფრთხოება და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში, ასევე საქართველოს ურთიერთობა ნატოსა და ევროკავშირთან.

 

 

კომენტარები