თსუ

სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქციის მონაწილეები რექტორს შეხვდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები თსუ-ს რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდნენ. აქციის მონაწილეებმა, რომლის ორგანიზატორიც სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ია, უნივერსიტეტის ეზოდან სააქტო დარბაზში, მოგვიანებით კი რექტორის კაბინეტის მისაღებში გადაინაცვლეს და ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.

რექტორმა სტუდენტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთი წელია, "ლაბორატორია 1918"-ის წევრებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს. სტუდენტების თქმით, კი ორი წელია თავად ისინი ითხოვენ რექტორთან შეხვედრას, თუმცა ეს ვერ ხერხდება, კვიტაშვილის განცხადება შეხვედრის სურვილთან დაკავშირებით კი ტყუილია.

სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით ეჭირათ – "ავტომონიმია უნივერისტეტს,"  "დაუბრუნეთ უნივერსიტეტს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორები", "გადადგეს სანდრო კვიტაშვილი.”

ამ დროისათვის სტუდენტებმა კვლავ სააქტო დარბაზისკენ გადაინაცვლეს, სადაც თავიანთი მოთხოვნების შესახებ სიტყვით გამოდიან. სტუდენტები უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გამოსწორებას ითხოვენ. მათ ოთხი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს: რეგენტთა საბჭოს დაშლა, გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნება, სტუდენტებისთვის არჩეული საგნების სწავლის საშუალების მიცემა, ანდრო ბარნოვის (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი) გათავისუფლება.

სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტთან  "ლაბორატორია 1918"-ის ორგანიზატორობით აქცია 14 სექტემბერსაც გამართეს. 

 

კომენტარები