რუსეთი

რუსეთის პარლამენტმა გენადი გუდკოვს დეპუტატის მანდატი ჩამოართვა

რუსეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის ”სამართლიანი რუსეთის” წევრს, გენადი გუდკოვს დეპუტატის მანდატი ჩამოართვა. ოპოზიციონერისთვის მანდატის ჩამორთმევას, რომელსაც ბრალად დეპუტატის საქმიანობის პარალელურად ბიზნესის წარმოება ედება, 291 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო წინააღმდეგი 150 წავიდა.

ხმის მიცემის პროცესამდე, რომელიც ღია იყო, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია ”ედინაია რასია” ოპოზიციონერისთვის მანდატის ჩამორთმევას უჭერდა მხარს.

14 სექტემბერს რუსეთის პარლამენტში  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ქვეყნის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვლადიმირ მალინოვსკიმ განაცხადა, რომ გენადი გუდკოვის მიერ ბიზნესის წარმოება დეპუტატის სტატუსის შესახებ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, გუდკოვი სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციების შეკრებებს ხელმძღვანელობდა. ”ედინაია რასიას” წევრის, ანდრეი ვორობეის თქმით, კი ოპოზიციონერის შემთხვევა იმის პრეცენდენტი იქნება, თუ რა სასჯელი ელის ნებისმიერ დეპუტატს, რომელიც პარალელურად ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს.

თავად გუდკოვი პარლამენტის გადაწყვეტილებას მისი ოპოზიციური საქმიანობის გამო განხორცილებულ პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებს. იგი აღნიშნულ გადაწყვეტილების უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, არა დეპუტატის მანდატის დასაბრუნებლდ, არამედ რუსეთის პარლამენტის ”უუნარობის გამოსააშკარავებლად.” პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ”სამართლიანი რუსეთის” წევრმა მის გარშემო განვითარებულ მოვლებს ”ქვეყნის სირცხვილი” უწოდა.

გენადი გუდკოვი, რომელსაც ოპოზიციის მიერ ოგანიზებულ არაერთ საპროტესტო აქციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რუსეთის პარლამენტის მეორე დეპუტატი გახდა, რომელსაც მანდატი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩამოართვეს. 1995 წელს დეპუტატების ხმათა უმრავლესობის საფუძველზე უფლებამოსილება სერგეი მავროდის შეუჩერეს.

 

კომენტარები