საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ერთი წლით, 2013 წლის 14 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა. ევროკავშირმა ამ პერიოდისთვის ბიუჯეტიდან 20,9 მილიონი ევრო გამოყო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გასული ოთხი წლის განმავლობაში.

"მივესალმები მანდატის გაგრძელებას ერთი წლით, რომელიც მისცემს მისიას შესაძლებლობას, გააგრძელოს თავისი ძალისხმევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოვედღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში". - აღნიშნა ქეთრინ ეშტონმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შეიქმნა. ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოში 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა მონაწილეს გალის შეხვედრების განახლებაზე მუშაობისკენ მოუწოდა. ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში მარტში გაიმართა. 24 აპრილს გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის არასასურველ პერსონად გამოცხადება გახდა.

ევროკავშირი ასევე, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმება.

 

კომენტარები