ჰოლანდია

ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა პარტიებმა გაიმარჯვეს

ჰოლანდიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პროევროპულმა პარტიებმა მოიპოვეს. ხმათა 96%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის პრემიერმა, მმართველი პარტიის ლიდერმა მარკ რიუტემ ეროვნული პარტიის გამარჯვების შესახებ განაცხადა. მემარცხენე ლეიბორისტული პარტია კი მეორე ადგილზე გავიდა.

BBC-ის ინფორმაციით, სახალხო პარტიას პარლამენტში 150-დან 41 მანდატი ექნება, ლეიბორისტულ პარტიას - 39. თავისუფალმა პარტიამ, რომელიც ევროზონის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, პარლამენტში მხოლოდ 12 ადგილი მოიპოვა.

გამოცემის ცნობით, არჩევნებში გამარჯვებული პარტიები მკაცრ ეკონომიკურ ზომებს და ევროკავშირის ქვეყნებისთვის კრედიტების გამოყოფის პოლიტიკას უჭერენ მხარს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პარტიების ლიდერების შეხედულებები ეკონომიკის სფეროში ერთმანეთს არ ემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

ჰოლანდიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც რამდენიმე თვის წინ თავისუფალმა პარტიამ ქვეყნის პრემიერის წინადადებას ბიუჯეტის შემცირების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები