საქართველო-რუსეთი

გამოხმაურებები რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით

მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის გამონათქვამებთან დაკავშირებით გამოეხმაურნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე ფედერაციის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ კომენტარს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევად აფასებს.

"ასეთი კრიტიკული გამონათქვამი არის იმის მცდელობა, რომ ხელი აფათურონ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს ბედის წარმართვაში." - განაცხადა ნინო კალანდაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთს საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან განსხვავებული მოლოდინები არ უნდა ჰქონოდა.

ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვლილიც. მისი თქმით, რუსეთმა აღნიშნული განცხადებით არაკონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა, რითიც პირდაპირ დააფიქსირა თავისი სურვილი, საქართველოში არეულობის შექმნის, განვითარების შეჩერებისა და ქვეყნის წარსულში დაბრუნების. მინაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთს საქართველოში მოკავშირის სახით კოალიცია ქართული ოცნება ჰყავს, რომელიც ანალოგიურ კაპანიას აწარმოებს.

ქრისტიან-დეკმოკრატიული მოძრაობის წევრის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების გაფრთხილება იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პროცესების გართულება პირდაპირ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ვეფხვაძის თქმით, ეს გაფრთხილება რუსეთს აღიზიანებს, რომელსაც საქართველოში შინააშლილობისა და ახალი ინტერვენციის განხორციელება სურს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარლ ბილდტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, მოწოდება ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობასთან დაკავშირებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.

 

კომენტარები