შაკილ აფრიდი

პაკისტანელი ექიმი ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან კავშირს უარყოფს

პაკისტანელი ექიმი, შაკილ აფრიდი, რომლის მეშვეობითაც აშშ-ს სპეცსამსახურებმა ტერორისტ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინეს, აცხადებს, რომ სპეცსამსახურების გეგმის შესახებ, მისთვის ცნობილი არ იყო.

BBC-ს ცნობით, ექიმი, რომელსაც სამშობლოს ღალატის ბრალდებით 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დაპატიმრების შემდეგ პირველად ალაპარაკდა. უცნობია, როგორ მოახერხა ციხეში მყოფმა ექიმმა, Fox News-ისთვის ინტერვიუს მიცემა.

,,მე არ ვიცოდი იმ სამუშაოს მიზნები, რომლის შესრულებაც დამევალა. ვიცოდი რომ საქმე ეხებოდა ვიღაც ტერორისტებს, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ვის.’’-აცხადებს შაკილ აფრიდი ინტერვიუში.

აფრიდის თქმით, ის შედეგით ,,შოკირებული იყო'' და არ მიიღო სპეცსამსახურების წინადადება, ავღანეთში გაქცევასთან დაკავშირებით,  რადგან თვლიდა, რომ ,,ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან კავშირი არ ჰქონდა’’.

შეგახსენებთ, შაკილ აფრიდმა გასულ წელს, პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ვაქცინაციის ფიქტიური პროგრამა ჩაატარა, რომლითაც აშშ-ს სპეცსამსახურებს ბინ ლადენის ადგილსამყოფელის პოვნაში დაეხმარა.  პაკისტანის სასამართლომ ის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში დაადანაშუალა და სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლა.

აშშ-ს სენატორებმა დაგმეს პაკისტანელი ექიმის დაკავება და მხარი დაუჭირეს დადგენილებას, რომელიც პაკისტანისთვის დაპირებული 33 მილიონი დოლარის დახმარების ყოველწლიურად 1 მილიონი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს. ფაქტს აშშ-ს თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ექიმის საქციელის სახელმწიფოს ღალატად ჩათვლა არამართებულია.

რამდენიმე ხნის შემდეგ, პაკისტანის თალიბანის მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმ შაკილ აფრიდის მოკვლით დაიმუქრა.

კომენტარები