საქართველო-რუსეთი

რუსეთი კარლ ბილდტის განცხადებას გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, ალექსანდრ ლუკაშევიჩი ბილდტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ლუკაშევიჩის თქმით, მოწოდება ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობასთან დაკავშირებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.

”ჩვენ ყურადღება მივაქციეთ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებებს. კარლ ბილდტი ცნობილია როგორც "არაბული რევოლუციის" მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მომხრე სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, მცდელობა, შეიზღუდოს რეაქცია არჩევნებში დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე, სულ მცირე, შვედი მინისტრის შეხედულებების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს." - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უახლოეს პერიოდში კარლ ბილდტი მოსკოვს ეწვევა და მას მოსთხოვენ პასუხს კითხვაზე, რას ემსახურება მისი "შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი".

5 სექტემბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილტმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მან უცნაური უწოდა ოპოზიციის ერთი ნაწილის განწყობას, თითქოს არჩევენების შედეგები არა საარჩევნო ყუთებთან, არამედ შემდეგ, ქუჩაში უნდა გადაწყდეს.  შვედეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება აგრეთვე, ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

 

კომენტარები