საქართველო-რუსეთი

ალექსანდრ ლუკაშევიჩი: ნატომ ვერ გამოიტანა გაკვეთილი 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა კომენტარი რასმუსენის იმ განცხადებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, "საქართველოს მომავალი სახლი ნატოშია".

ლუკაშევიჩის თქმით, ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაში „რაიმე ახალი ელემენტები“ არ ყოფილა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ხოლო 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილება.

"მსგავსი გამონათქვამები ადასტურებს, რომ ნატომ ვერ გამოიტანა გაკვეთილი სამხრეთ კავკასიის 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან და თბილისს ”გამამხნევებელ” სიგნალებს უგზავნის." - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ”საქართველოს ნატოში შესაძლო წევრობის თემის აფიშირება არავის უსაფრთხოებას არ აძლიერებს, ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ მისწრაფებებს, რითიც ამძაფრებს მისი სურვილის უქონლობას, აღიაროს რეგიონში შექმნილი პოლიტიკური რეალობა და აძლიერებს დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.”

”რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში რეალური წვლილი უნდა იყოს მკაფიო იურიდიული გარანტიები საქართველოს მხრიდან მის მეზობლებთან მიმართებაში ძალის არ გამოყენების თაობაზე, რაც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილება“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა 6 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ცნობილ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რომ არა 2008 წელს რუსეთის ჩარევა, ნატო ახლა აღმოსავლეთით გაფართოებული იქნებოდა, კომენტარი გააკეთა.

"თუ 2008 წლის კონფლიქტის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ განხორციელებულიყო ჩარევა ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ალიანსის გადაწყვეტილებაში გაფართოებასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ეს გეგმა ჩავარდა". - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

კომენტარები