არჩევნები 2012

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ქუთაისში

ზუგდიდის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ქუთაისში შეუერთდა

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მოქალაქემ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, არის თუ არა ქვეყანა უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ და თუ პასუხი დადებითია, მაშინ შესაბამისი არჩევანი გააკეთოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ხელი გაუმართოს იმას, ვისაც არა მარტო შენობების, არამედ ყველაფერ იმის დანგრევა სურს, რაც აშენდა.

სააკაშვილმა მასწავლებლების შესახებაც ისაუბრა. ”ვერავინ ვერასოდეს დაემუქრება ჩვენს მასწავლებლებს დაჭერით, შეუძლია დაემუქროს, მაგრამ შეჭამოს უკან თავისი სიტყვები. ერთი თმა არ ჩამოუვარდებათ ჩვენ ქართველ მასწავლებლებს, რომლებიც ქმნიან ჩვენს მომავალს. ვისაც ჩვენი სიბნელეში დაბრუნება უნდა, ის ემუქრება ჩვენს პედაგოგებს,” განაცხადა სააკაშვილმა. 

პრეზიდენტი აგვისტოს ომის და რუსეთთან ურთიერთობის თემასაც გამოეხმაურა. "თვითონ პუტინი ამბობს, ომი მე დავიწყეო, არიან ქართველები, რომლებიც ამბობენ, არა, ყველაფერში საქართველოა დამნაშავეო”.

პრეზიდენტი ნატოში ინტეგრაციის თემასაც შეეხო. მისი თქმით,  ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაიფანტა ეჭვები, რომ 2008 წლის ომით რუსეთმა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შეაჩერა.  

ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო ყრილობას საქართველოს 10 ქალაქსა და თბილისში ატარებს. ქუთაისამდე პრეზიდენტი სიტყვით ზუგდიდის ყრილობაზე გამოვიდა. თბილისში ყრილობა 19:00-ზე სპორტის სასახლეში გაიმართება. 

კომენტარები