თავდაცვის სამინისტრო

დიმიტრი შაშკინი ავღანეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად ავღანეთში იმყოფებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ ჰელმანდის პროვინციაში ბაზა "შუკვანზე" ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.

ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუსს და ოპერატიული შენაერთის მეთაურს გენერალ-მაიორ ბერგერს შეხვდნენ და მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.

 

კომენტარები