სპეცოპერაცია

რუსული მედიის ცნობით, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ზაკაევის პირადი მცველი იყო

რუსული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის ერთ-ერთი, დუკვახა დოშუევი, ახმად ზაკაევის (დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი)  პირადი მცველი იყო.

რუსული წყაროების ცნობით, 44 წლის დუკვახა დოშუევს, მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 1996 წელს ის გროზნოში კულტურის სამინისტროს შენობის დაცვის უფროს გახდა, ხოლო 2002 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა.

ცნობილია, რომ დოშუევი რუსეთის ფედერალურმა ძალებმა დააპატიმრეს, თუმცა მალევე ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. დუკვახა დოშუევი ერთ-ერთი მოწმე იყო ახმად ზაკაევის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, როდესაც ამ უკანასკნელს ბრალი ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობაში ედებოდა.

ლონდონში 2003 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე დოშუევმა განაცხადა, რომ ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ ჩვენება 6 დღიანი წამების შედეგად მისცა. ლონოდნის სასმართლომ ზაკაევის ექსტრადაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და ის დღემდე ლონდონს აფარებს თავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან – 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

კომენტარები