რუსეთი-ბრიტანეთი

რუსეთი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციებისთვის ბრიტანეთს განმარტებას მოსთხოვს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრ იაკოვენკო აპირებს ოფიციალურ ლონდონს ახსნა-განმარტება მოსთხოვოს გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის, რომელიც იურისტ მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებულ ”შავ სიაში” შესულ 60 რუს მაღალჩინოსანს ეხება.

BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ბრიტანეთისადმი მკაცრ ზომებს გაატარებს იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ე.წ. ”მაგნიტსკის სიაში” შესულ მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობამ მოსკოვში მდებარე ინგლისის საელჩოს რუსი მაღალჩინოსნების სია გადაუგზავნა, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთან არიან დაკავშირებულნი.

BBC-ის ცნობით, რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ბრიტანეთის მიერ აღნიშნული სანქციის ამოქმედების გამო რუსულ-ბრიტანული ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზარალდება.

გასულ კვირას ბრიტანულმა გამოცემა The Sunday Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდმა ბრიტანეთმა 60 რუსი მაღალჩინოსანი „შავ სიაში“ შეიყვანა, მათ შორის მოსამართლეები, უშიშროებისა და პროკურატურის წარმომადგენლები. აღნიშნულ პირებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე „ბუტირკაში“ წამების შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ”მაგნიტსკის აქტი” შემუშავდა, რომელიც აშშ-ის სენატის საერთაშორისო კომიტეტმა და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მიიღო.

 

კომენტარები