ბრაზილია 2014

ჯაბა კანკავა ნაკრების კაპიტანია

7 და 11 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ორ შეხვედრას ჩაატარებს: ბელარუსის და ესპანეთის ნაკრებებს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებს.

დღეს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო, მანამდე კი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა. მისი თქმით, ბრაზილია 2014-ის საკვალიფიკაციო ტურნირიდან ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იქნება.

„გვინდა ახალი ციკლი გარკვეული სიახლეებით დავიწყოთ: ამიერიდან გუნდს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს. ის გამოცდილი ფეხბურთელია, დიდი ხანია ნაკრებში თამაშობს და ეს გადაწყვეტილება ჩვენ გუნდთან ერთად მივიღეთ,“ - განაცხადა ეროვნული გუნდის თავკაცმა.

ორი ოფიციალური თამაშისთვის ნაკრებში მიწვეული მოთამაშეების სია ქეცბაიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. დღეს გაცხადდა, რომ მეკარე ნუკრი რევიშვილი, ნახევარმცველი დავით დევდარიანი და თავდამსხმელი მათე ვაწაძე ამ მატჩებში ვერ ითამაშებენ. რევიშვილი და დევდარიანი ტრავმირებულნი არიან, ვაწაძე კი ახლახანს გადავიდა გორის დილადან დანიის ორჰუსში და თბილისში დროულად ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

თემურ ქეცბაიამ მათ ნაცვლად ქუთაისის ტორპედოს მეკარე ომარ მიგინეიშვილს, ზესტაფონის ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილს და თბილისის დინამოს თავდამსხმელს ჯაბა დვალს უხმო.

დღეს, 18 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ტექნიკურ ცენტრში პირველად ივარჯიშებს.

კომენტარები